logo
ENG



"პრო-EU ქართველები არ არიან სატანისტები, მომავლისთვის ვიბრძვით" - ხაბეიშვილის სტატია EN-ზე

16 მარ 202319:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/16/15obbxwmn0nj9a3.jpg

Euronews ლევან ხაბეიშვილის სტატიას აქვეყნებს, სადაც ის რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებს, რამდენიმე დღის წინ ანტიევროპულ აქციებს და მმართველი პარტიის პრორუსულ კურსს მიმოიხილავს.

ხაბეიშვილის თქმით, ათობით ათასი ადამიანი გასულ კვირაში გამოვიდა ხელისუფლების იმ ნაბიჯის წინააღმდეგ, რაც "ერთი პარტიის მხრიდან  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნაპრალის გაჩენის აშკარა მცდელობა იყო".

მისი თქმით, ქალი ევროკავშირის დროშით ხელში წყლის ჭავლის წინააღმდეგ, იყო ერთ-ერთი მრავალთაგან ვისაც "ევროპული საქართველოს სიყვარული ამოძრავებდა და საკუთარი პრინციპების დაცვისას შიშს არ გრძნობდა".

ხაბეიშვილის თქმით, ამისგან რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო სამშაბათს, როცა ბევრად მცირერიცხოვანმა  პრორუსულმა, ჰომოფობიურმა რადიკალურმა ჯგუფმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯა და დაწვა.

"პოლიციის რეაქციის ნაკლებობა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კანონს არღვევდნენ - ევროპული დროშის დაწვა საქართველოში არაკანონიერია - აჩვენებს მკვეთრ კონტრასტს თუ როგორ პასუხობს ხელისუფლება ამ ორ მოვლენას" - ვკითხულობთ სტატიაში.

რაც შეეხება უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტს, ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, ეს იყო „ბერკეტი ერთი პარტიისთვის, რომ გაეკონტროლებინა არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია და ამის გაკეთებით, დაესრულებინა საქართველოს ევროპული გზა".

ხაბეიშვილის თქმით, პროტესტმა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კანონპროექტის დაგმობამ შედეგი გამოიღო და ქართულ ოცნებას მოუწია კანონპროექტის გაწვევა.

"მაგრამ ისინი, ვინც გამოვიარეთ წლობით დარღვეული პირობები - ჩავარდნილი 2019 წლის ელექტორალური რეფორმა, ჩავარდნილი 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, 2021 წელს ანულირებული შარლ მიშელის შეთანხმება - ვიცით, რომ ეს გამარჯვება მხოლოდ დროებითი იქნება თუ მოვდუნდებით" - წერს ხაბეიშვილი.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ასევე ისაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ანტიევროპული რიტორიკაზე.

"მან აქტივისტებს "სატანისტები" უწოდა, განაცხადა, რომ ევროპარლამენტს სურს დაიწყოს ომი საქართველოში და პარტნიორებს ბრალი კორუფციაში დასდო.

მოდით მკაფიოდ ვთქვათ: საქართველოს არასდროს ჰყოლია ასეთი სანდო მეგობარი, ისეთი სტაბილური პარტნიორი როგორიც ევროკავშირია და ჩვენი ეროვნული იდენტობა ნიშნავს, რომ ყველა თაობას აქვს ვალდებულება, იბრძოლოს ევროპულ ოჯახში შვენი მომავლისთვის.

მისი [ღარიბაშვილის] სიტყვები არაა ქართველი ხალხის" - წერია სტატიაში.

ხაბეიშვილის თქმით, კანონპროექტის გაუქმების შემდეგ "ჩვენ ვხედავთ საფრთხეს მთავრობის მიერ გათამამებული პრორუსული ჯგუფისგან, ვინც, შესაძლოა, დესტაბილიზაცია და სიძულვილის აღძვრა სცადონ".

მისი თქმით, ერთადერთი იმედი ისაა, რომ მათი რიტორიკა დაიგნორდება.

საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას ენმ-ის ლიდერი ამბობს, რომ საქართველო, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე მოწინავე იყო, ახლა უკრაინა და მოლდოვა უსწრებენ. ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პუნქტებს.

მისი თქმით, პროევროპული ხელისუფლება არ დააიგნორებდა დასავლელი პარტნიორების მოწოდებას და პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას მისცემდა, ასევე გაათავისუფლებდა ჟურნალისტ ნიკა გვარამიას ციხიდან,  არ გაზრდიდა ქვეყნის ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე და არ მიიღებდა გაფრთხილებებს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარების შესახებ.

"ნამდვილი პროევროპული ხელისუფლება არ მოახდენდა სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ახალგაზრდული ჯგუფების დემონიზებას და იდგებოდა უკრაინასთან, ისევე, როგორც უკრაინა იდგა საქართველოსთან 2008 წელს" - აცხადებს ხაბეიშვილი.

ენმ-ის ლიდერის თქმით, საქართველოს მომავალი მომავალმა თაობამ დაიცვა, რომლისთვისაც საბჭოთა კავშირი ისტორიის წიგნებში ბნელი თავია.

"ამ თაობისთვის ყველა ქართველი პოლიტიკოსს აქვს პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი სახლი ევროპასთან უფრო მყარ ურთიერთობაში დატოვოს" - წერია სტატიაში.

 

close დახურვა